X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

საპილოტე რეგიონების პროგრამიდან დაფინანსებას 3 სახელმწიფო სააგენტო მიიღებს

12 ოქტომბერი 2021

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის შედეგად, პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსებას მიიღებს სამი სახელმწიფო სააგენტო:  ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და  სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“. 

2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ რეგიონში - კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.

პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა და  მისი წინასწარი ბიუჯეტი 63.75 მილიონი ევროა, საიდანაც ევროკავშირის მიზნობრივი დახმარება 53.75 მილიონ ევროს შეადგენს.

საპილოტე რეგიონების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა  და ზოგადი ხედვა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება. მოსალოდნელი შედეგები ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ინოვაციების ხელშეწყობას, სიღარიბის შემცირებას და საბოლოოდ - თბილისსა და საპილოტე რეგიონებს შორის სოციალური და ეკონომიკური უთანაბრობების ეტაპობრივ აღმოფხვრას.

ჩატარებული კონკურსის შედეგად, საპილოტე რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესთან ან სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსების მიზნით, კონკურსში გამარჯვებულ სააგენტოებს გადაეცემათ: 

-   ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ - 2021 წელს არაუმეტეს 2 939 884 ლარი, ხოლო 2022 წელს - არაუმეტეს 17 060 116 ლარი (ჯამში - 20 მილიონი);

-   სსიპ „აწარმოე საქართველოში“ - 2022 წელს არაუმეტეს 16 200 000 ლარი;
-   სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ - 2021 წელს არაუმეტეს 130 000 ლარი, ხოლო 2022 წელს - არაუმეტეს 3 300 000 ლარი (ჯამში - 3 430 000 ლარი). 

კონკურსში გამარჯვებული სააგენტოების პროგრამები ითვალისწინებს საპილოტე რეგიონებში ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების მოდერნიზება-გაფართოების დაფინანსებას; ტექნიკურ დახმარებას პროდუქტის ლიცენზირებასა და სერტიფიცირებაში, ბრენდინგსა და პროდუქციის შეფუთვაში, საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირებაში; აუცილებელი ფინანსურ მხარდაჭერასა და ტექნიკურ დახმარებას თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის, ბიზნესის წამოწყების ანდა არსებულის გადაიარაღებისათვის, ინოვაციური ანდა მაღალტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსებას და სხვა

საპილოტე რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ კონკურენტუნარიანობას, ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას და საშუალებას მისცემს მიაწოდონ ბაზარს ახალი პროდუქცია და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. 

კონკურსში წარდგენილი განაცხადები საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიამ შეარჩია.